რა თქმა უნდა, ”ლამბორგინი” საქართველოში თავისი სუპერ ავტომობილების წარმოებას არ აპირებს. ეს ავტომობილიც, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, იტალიური ბრენდის სუპერებს მხოლოდ ფერებით და კარის გასწვრივ არსებული ლაყუჩით,
შორიდან თუ მოგაგონებთ. არადა, მისი ავტორისთვის ხარების ორი მოდელის - ”მურსიელაგოსა” და ”გალიარდოს” ფორმის კიტ ქარების დამზადება პრობლემას არ წარმოადგენს.
შორიდან თუ მოგაგონებთ. არადა, მისი ავტორისთვის ხარების ორი მოდელის - ”მურსიელაგოსა” და ”გალიარდოს” ფორმის კიტ ქარების დამზადება პრობლემას არ წარმოადგენს.
სანამ ძარაზე მუშაობას დაიწეყებდნენ, გოჩამ, მისმა თანაშემწე მინდია ჯანგირაშვილმა და ავტომობილის შემკვეთმა გელა აბაშიძემ, შასის მოდიფიცირება გადაწყვიტეს. პირველ რიგში, შეიცვალა ძრავი (1.6-ლიტრიანი 150 ცხ.ძ.) - CRX-ის აგრეგატი, ”ჰონდა ინტეგრას” 1.8-ლიტრიანმა, ოთხცილინდრიანმა ძრავმა (მაქსიმალური სიმძლავრე 200 ცხ.ძ.) შეცვალა. გადაცემათა კოლოფი იგივე დარჩა - 5-საფეხურიანი მექანიკური.
3-3 სანტიმეტრით გარეთ გამოიტანეს წინა და უკანა ბორბლები. ჯერ ერთი, განიერი კვალი ავტომობილის მანევრულობას აუმჯობესებს. მეორეც, მისთვის უფრო ეფექტური გარეგნობის მინიჭების საშუალებას იძლევა - დიზაინერს საბორბლე თაღების ”დაბერვის” საშუალება აქვს, რაც მანქანას აგრესიულ, სპორტულ იერს სძენს.
რა თქმა უნდა, შეიცვალა ბორბლებიც - ავტომობილი 17-დუიმიან ბორბლებზე დადგა, რომლებსაც ”დანლოპის” წარმოების დაბალპროფილიანი საბურავები (215 R17/40) ჩააცვეს. შესაბამისად, დიდი ბორბლები განახლებულ CRX-ს უფრო მოუხდა კიდეც და მას აგრესიული გარეგნობაც მიანიჭა. და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დიდ (წინა) ბორბლებში უფრო მძლავრი, იტალიურ კომპანია ”ბრემბოს” წარმოების სამუხრუჭო დისკოები (300 მილიმეტრი) განლაგდა.
დიზაინში განსაკუთრებულ ყურადღებას ავტომობილის გვერდხედი იმსახურებს. აქ მთავარი ელემენტი ის დახრილი ხაზია, რომელიც ვირტუალურად წინა ბამპერთან იწყება და უკანა ფრთის ზედა კიდესთან მთავრდება. ამ ხაზს (მას უფრო თვალსაჩინოს ხდის კარის შავად შეღებილი ქვედა სეგმენტი) მცირე დახრა აქვს, რაც ავტომობილს დინამიურ იერს ანიჭებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კარის ამ შავ ნაწილს დიზაინერების ხელი პრაქტიკულად არ შეხებია, თუმცა ამ სახითაც, ავტომობილისთვის ახალი გარეგნობის მიცემაში, მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. ამ ხაზის ზევით კი, კარი გამობერილია და ის წინა ფრთის სიბრტყეს აგრძელებს. კარის ქვევით, ზღურბლს წინ და უკან ორი ამონატვიფრი აქვს. მათგან წინა დახურულია, უკანას კი ფსევდო ჰაერამღები აქვს. ორივე ამონატვიფრს დეკორატიული დანიშნულება აქვს.
იმ ადგილზე, სადაც წინა ფრთა მთავრდება და კარი იწყება, ძრავის სეგმენტის ”სასუნთქი” ვენტილატორია ჩაყოლებული. მისი სისქე კი ზუსტად იმდენია, რამდენითაც ბორბალმა გარეთ გამოიწია. მსგავსი ”სასუნთქი” ღრიჭო (ლამბორგინი გალიარდოს სტილში) უკანა ფრთის წინა მხარესაც აქვს, თუმცა ეს ფსევდო ჰაერის ამღებია. მარცხენა უკანა ფრთაზე, საწვავის ავზის ყელის ორიგინალური ხუფი მოთავსდა, რომელიც მოტოციკლისგანაა აღებული.
ძლიერაა შეცვლილი კაპოტი. მას ერთი ზორბა ჰაერის ამღები აქვს, რომლით შეგროვილი ჰაერის ჭავლიც ძრავის გაგრილებას ემსახურება. მის უკან კი, ორივე მხარეს ჰაერის გამომშვები ვენტილატორებია, საიდანაც ძრავის სეგმენტიდან გახურებული ჰაერი გამოიდევნება.
შეცვლილია წინა ბამპერიც. ის ზომაში გაიზარდა, რათა მასში კარგად ჩატეულიყო რადიატორის (ასევე გაზრდილი) ბადე. მის ორივე კიდეში კი თითო მოზრდლი ჰაერის ამღები მოთავსდა, რომლებში შეგროვილი ჭავლიც მუხრუჭებს აგრილებს. ბამპერის ძირში მოზრდილი ელერონია, რომელიც შუაში, რადიატორის გასწვრივ წყდება და ერთგვარი წინა დიფუზორის როლს ასრულებს.
არ შეცვლილა ავტომობილის უკანა, მესამე კარი და მის გასწვრივ არსებული უკანა, ძლიერ დახრილი საყრდენი. სამაგიეროდ, მის გვერდბზე უკანა ფრთები ისეა წაგრძელებული, რომ ისინი ციმციმების გვერდითა ნაწილს ფარავენ. გაზრდილია უკანა ბამპერიც, რომლის ქვეშაც ფსევდო დიფუზორი და მის გვერდებზე, სპეციალურ ნიშებში ჩასმული ორი წყვილი გამოსაბოლქვი მილი მოთავსებულა. და რა თქმა უნდა, უკანა კარს ანტი ფრთა ამშვენებს, რომლის დანიშნულებაც, მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, ავტომობილის უკანა ბორბლებზე დინამიკური დატვირთვის გაზრდაა.
საინტერესოა სალონის გაფორმებაც. აქ ყველაფერი, ისევე როგორც ექსტერიერი, ყვითელ და შავ ფერებშია გამოწყობილი. სავარძლები ახალი, ასევე შავ-ყვითელი ტყავით შეიფუთა. ტყავია გადაკრული კარის შიდა პანელებსა და წინა კონსოლზეც. შუა კონსოლის ქვედა ნაწილში კი მცირე მონიტორი მოთავსდა.
რა თქმა უნდა, აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ავტომობილს არ აქვს უკანა სავარძლები. მათ ადგილზე, გოჩამ ”ელიტ ავტოს” და ზაზა ჯანიაშვილის დახმარებით, ორიგინალური გასართობი ცენტრი მოაწყვეს, დაახლოებით ისეთი, როგორებითაც ”ემ-ტი-ვის” გადაცემა ”ავტომარიაჟი” და რეპერი ექსზიბიტი თავიანთ რჩეულებს აოცებენ.
აქ ჩამოთვლილი ცვლილებების მიხედვით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ იმ შედევრის მისაღებად, რომელიც გზებსა და ავტოსადგომებზე, ბევრი ავტომოყვარულის წყვილ თვალს იზიდავს, გოჩამ და მისმა გუნდმა დიდი შრომა გასწიეს. იმდენად დიდი, რომ კაცი იფიქრებს, ბარემ ახალი ავტომობილი შეექმნათო... რატომაც არა. გოჩას მთავარი მიზანი სწორედ ორიგინალური დიზაინის მქონე ავტომობილის შექმნაა, რომელსაც შასისაც თავად დაუმზადებს. ახლა ის და გელა აბაშიძე სწორედ ასეთი ავტომობილის შექმნას აპირებენ.
სათაურში რომ ლამბორგინი ვახსენთ, რა შუაშია? ამ კითხვას კითხვითვე ვუპასუხებთ - ამ ფოტოებზე გამოსახული ავტომობილი რაღაცით იტალიური მარკის ”გალიარდოს” არ გაგონებთ? ასეც რომ არ იყოს, თუ გნებავთ და ჯიბეც ამის საშუალებას მოგცემთ, მისი ავტორი ნებისმიერი სუპერ ავტომობილის, მათ შორის ”ლამბო გალიარდოს” და ”მურსელაგოს” ძარის კიტ კომპლექტს, ან თუნდაც ზუსტ ასლს დაგიმზადებთ...
წყარო: http://autopanoramaf1.blogspot.com/2010/12/2.html